ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ელჩების არდანიშვნის ამბავს ერთი წელი არ ასაჯაროვებდნენ, რადგან, არ სურდათ "ჭუჭყის გამოტანა".
ფორმულას ჟურნალისტმა მას ბრიფინგზე ჰკითხა: "თქვენ თქვით, რომ გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს გაეგზავნა 3 წარდგენა, გავიდა ერთი წელი და პასუხი არ მიგვიღიაო, ერთი წელი რატო დუმდა ქართული ოცნება, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევდა?" - რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა:
"პასუხი მარტივია, ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. არ გვინდოდა ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ. როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის ერთგვარი ჭუჭყი. იგივე, ვიზიტებთან დაკავშირებით დაარღვია კონსტიტუცია არაერთგზის. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გამოტანა, მაშინ მივიღეთ საუბრის გადაწყვეტილება".